დღეს ვწერ წყალზე. მე პირადად წყლის გარეშე როგორ შეიძლება იარსებოს ადამიანმა ვერ წარმომიდგენია.. მაგრამ, ჩვენ ადამიანები წყალსაც ისევე უდიერად ვექცევით, როგორც ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ქართველი კაცი, თუ მდინარის პირას ცხოვრობს, აუცილებლად კანალიზაცია უნდა ჩაუშვას მდინარეში, მერე რა რომ შეიძლება იმ მდინარეში მისმა შვილებმაც იბანაონ.
მეორეც, თუ მდინარის ნაპირას ცხოვრობ, საჭირო აღარაა დასუფთავების ფული გადახდა. ანკი რატომ უნდა გადაიხადო, როცა შეგიძლია დილით გამოხვიდე და პოლიეთილენის პარკში გახვეული ნაგავი პირდაპირ მდინარეში მოისროლო..
ბევრჯერ გამიგონია, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანააო, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს… ჩემს ონკანში წყალი ამ წუთამდე გრაფიკით მოდის
ხარისხზე აღარაფერს ვამბობ…
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სიტუაცია, ჩემი მეგობრებისაგან ვიცი. ასე მაგალითად, ბათუმში თუ ძალიან არ გიჭირს ონკანის წყალი არ უნდა სვა, ანალოგიური შემიძლია ვთქვა ქუთაისზე და კიდევ რამდენიმე ქალაქზე.
დღეს მიზეზებზე ვსაუბრობ, თუ რატომ არ გვაქვს სუფთა წყალი.
როგორც გავარკვიე საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზი დასახლებული პუნქტებიდან და საწარმოო ობიექტებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა და არაეფექტური მუშაობაა.
ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელია:
1. კომუნალური სექტორი (67%)
2. თბოენერგეტიკა (31%)
დღეისათვის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება წყალსატევებში.
წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება საქართველოს არცერთ ქალაქში.
თუმცა მცირე გამონაკლისიც არსებობს, პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილისი-რუსთავის რეგიონალ გამწმენდ ნაგებობაზე.
რა საფრთხე გველის დაბინძურებული წყლისგან?
მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.
აღსანიშნავია რომ, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის უწყვეტი მომარაგებით.
ახლა მცირე სტატისტიკა ქვეყანაში არსებული წყალსადენების შესახებ:
69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები,
28%-ს არ გააჩნია სანიტარული დაცვის ზონები,
23% -ს ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობა.
70%-ზე მეტ წყალსადენებზე საერთოდ არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული საქლორე მოწყობილობები, ამის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება დაუქლორავი წყალი.
ჰოდა ბოლოსთვის ყველაზე საინტერსო შემოვინახე:
წყლის ხარისხზე არ ტარდება სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.
მოკლედ როგორ წყალს ვსვამთ ადვილი წარმოსადგენია..
რაც შეეხება გამოსავალს, როგორ შეიძლება მივიღოთ სუფთა წყალი, აი ერთი “რეცეპტი” .
“ წყლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისთვის საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი წყლის მისაწოდებლად, აუცილებელია წყლის ობიექტებიდან წყალაღების და წყლის ობიექტებში წყალჩაშვების რეგულირება”.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა აი ამ ყველაფრის დამრეგულირებლის პოვნაა მთავარი.